წინამდებარე ინფორმაცია მოძიებულია ქალბატონი მარინა მარის დახმარებით
ქართული, ისევე, როგორც საბჭოთა ალპინიზმის დასაბამად ითვლება 1923 წელი, როდესაც მყინვარწვერზე ერთდროულად ორი ასვლა განხორციელელდა. პირველ 18 კაციან ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ქართველი მათემატიკოსი და გეოგრაფიული საზოგადოების დამფუძნებელი გიორგი ნიკოლაძე. მისი გუნდი, რომელიც მყინვარზე 28 აგვისტოს ავიდა, 13 მამაკაცისაგან და 3 ქალისაგან შედგებოდა. ჯგუფის წევრები იყვნენ: გიორგი ნიკოლაძე, იაგორ კაზალიკაშვილი, მარიამ ბეჟანიშვილი, ელენე ლორთქიფანიძე, ასმათ ნიკოლაიშვილი, მარიამ ტყავაძე, ლიდა ჩხეიძე, ატო აღნიაშვილი, ალექსანდრე კილაძე, ზაქარია მამამთავრიშვილი, მიხეილ მათიაშვილი, ვასილ მჭედლიშვილი, მიხეილ ჯინჭარაძე, აბზი ბეზურთანოვი - გამყოლები: ალექსანდრე ჩუმიხინი(სტავროპოლი), კურტ პაკენდორფი(შვედეთი), გიორგი ალიხანოვი, ფრიდრიხ ბაუმჰაუერი(გერმანია).
მეორე ექსპედიცია, ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით, მყინვარზე 3 სექტემბერს ავიდა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: გახა წიკლაური, ალექსანდრა ჯაფარიძე, იოსებ ასლანიშვილი, ანდრია თოფაძე, ვალენტინ თულაშვილი, არნოლდ ვეისი, ტარასი ზაგაშვილი.
1925 წელს გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა მორიგი 19 კაციანი ასვლა იალბუზზე, რომელშიც მყინვარწვერზე პირველი ასვლის მონაწილე ხუთივე ქალი მონაწილეობდა.
1927 წელს სიმონ ჯაფარიძემ და იაგორ კაზალიკაშვილმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს მყინვარწვერი, ამჯერად ახალი გზით, რომელსაც "სიმონ ჯაფარიძის გზას" უწოდებენ, და რომელიც დღემდე ყველაზე პოპულარულ ტურისტულ გზად ითვლება.
იმავე წლის ნოემბერში სიმონ ჯაფარიძემ განახორციელა პირველი ზამთრის ასვლა მყინვარწვერზე.
სიმონ ჯაფარიძის სახელს უკავშირდება საქართელოს ალპინიზმის ისტორიაში პირველი უბედური შემთხვევა, რომელსაც ალპინისტების სიცოცხლე შეეწირა. 1929 წელს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების თაოსნობით დაიგეგმა ექსპედიცია თეთნულდზე. მას გიორგი ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა. მის შემადგენლობაში იყო პიმენ დვალიც, რომელიც 1924-1926 წლებში ზემო სვანეთის ადგილობრივ ორგანიზაციაებს ხელმძღვანელობდა. 27 აგვისტოს, ალპინისტთა სამკაციანი ჯგუფი მწვერვალისკენ გავიდა, თუმცა პიმენ დვალი ყინულზე მოსწყდა და მის დასახმარებლად მისულ სიმონ ჯაფარიძესთან ერთად ფერდობზე დაეშვა. პიმენ დვალის ცხედარი მაშველმა ჯგუფმა მალევე იპოვნა, ხოლო სიმონ ჯაფარიძის პოვნა მხოლოდ ათი დღის შემდეგ მოხერხდა.
ალპინისტების დაღუპვიდან ერთ წელიწადში თეთნულზე სოლო ასვლა განახორციელა სიმონ ჯაფარიძის ძმამ, ალიოშა ჯაფარიძემ. ასვლიდან ორი დღის შემდეგ, ალიოშა ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ დალაშქრა თეთნულდი, ამ ჯერზე მის დასთან, ალექსანდრა ჯაფარიძესთან, ადსილ ავალიანთან და იაგორ კაზალიკაშვილთან ერთად.
ქართული ალპინიზმისათვის გარდამტეხი იყო 1934 წელი. ამ წელს შეიქმნა ე.წ. "უშბის ექსპედიციის კომიტეტი", სოსო ასლანიშვილის თაოსნობით, რომელსაც უშბაზე პირველი ქართული ექსპედიცია უნდა განეხორციელებინა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ექსპედიციის შემადგელობაში შედიოდნენ: ალიოშა ჯაფარიძე, სანდრო გვალია, ალექსანდრა ჯაფარიძე, იაგორ კაზალიკაშვილი, გიო ნიგურიანი, ლევან მარუაშვილი, მიქელ პატარიძე.
უშბაზე ასვლა დაიწყო 1934 წლის 29 აგვისტოს. ქართველმა ალპინისტებმა ე.წ. "ზაზუბრინას", "ჰალსტუხისა" და "წითელი კუთხის" გავლით 31 აგვისტოს შესძლეს უშბის სამხრეთ მწვერვალზე ასვლა.
1934 წელს პროლეტარული ტურიზმისა და ექსკურსიების საზოგადოების(პტესი) ცენტრალურმა საბჭომ დააფუძნა “ალპინიზმის ოსტატის" წოდება, რომელიც 1940 წელს “სსრ კავშირის სპორტის ოტსატი ალპინიზმში” წოდებად გადაკეთდა. აღნიშნული წოდება პირველებს მიენიჭათ ალიოშა ჯაფარიძეს, სანდრო გვალიასა და დავით წერეთელს.
ქართველი ალპინისტებისათვის წარმატებული იყო 1940 წელი. ამ წელს მთასვლელთა ჯგუფმა გაიარა ე.წ. “ცენტრალური კავკასიონის დიდი ტრავერსი", თეთნულდიდან შარი-თაუმდე. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეები, გაბრიელ და ბექნუ ხერგიანები, გოჯი ზურებიანი, ლევან სუჯაშვილი, ვახტანგ ქირიკაშვილი. ტრავერსის დროს მთასვლელებმა გაიარეს 20-ზე მეტი მწვერვალი. ამასთან, ეს იყო მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში პირველი ტრავერსი, რომელშიც ქალი მონაწილეობდა.
ტრაგიკული გამოდგა 1945 წელი. ამ წლის შემოდგომაზე ალიოშა ჯაფარიძემ, ქელებში ონიანმა და ნიკოლოზ მუხინმა უშბა-შხელდის გავლა გადაწყვიტეს. თუმცა უამინდობის გამო ისინი იძლებულები გახდნენ უშბიდან მობრუნებულიყვნენ. დაშვებისას, გულის მყინვარამდე არმისულთ მთასვლელებს შემოაღამდათ, ხოლო ღამით მათი ღამისთევის ადგილი ზვავმა დაფარა. მათი ცხედრების აღმოჩენა მხოლოდ 1957 წელს მოხერხდა.
1950 წელს ალიოშა ჯაფარიძის მეგობარმა მთასვლელებმა კაკო მარმა, გოჯი ზურებიანმა, ჭიჭიკო ჩართოლანმა და მაქსიმე გვარლიანმა გადაწყვიტეს უშბა-შხელდის ტრავერსის გავლა. თუმცა მათ მარშრუტი შხელდადან დაიწყეს, ვინაიდან შხელდა მათთვის ნაკლებად ნაცნობი მთა იყო ვიდრე უშბა, რომელზეც ჯგუფის წევრები არაერთხელ ყოფილან ნამყოფნი. შხელდა-უშბის ტრავერსი ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ იყო, და ქართველ მთასვლელთა წარმატებას დიდი გამოხმარუება მოჰყვა.
საქართველოს მთების დალაშქრის შემდეგ, ქართული ალპინიზმის ინტერესის სფეროში პამირ-ტიან-შანის მთებიც მოექცნენ. 1957 წელს ჯუმბერ მეძმარიაშვილმა, თეიმურაზ კუხიანიძემ, ოთარ და რევაზ ხაზარაძეებმა, ლევან და ზურაბ ახვლედიანებმა, აგი აბაშიძემ, ილია გაბლიანმა, ბექნუ ხერგიანმა, ჭიჭიკო ჩართოლანმა პამირში დარვაზის ქედის ტრავერსი გაიარეს, რომლის დროსაც შვიდ 6000-იან მწვერვალზე ავიდნენ. ამ ტრავერსისთვის ისინი ტრავერსის კლასში ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.
1964 წელს ლეგენდარულმა ქართველმა მეკლდეურმა მიხეილ ხერგიანმა სვანეთში ძლიერი მთასვლელების გუნდი შეკრიბა, რომლითაც გააძლიერა ქართული ალპინიზმი. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ჯოკია გუგავა, შალვა მარგიანი, ჯუმბერ კახიანი, გივი წერედიანი, მიხეილ ხერგიანი-უმცროსი. აღნიშნულმა გუნდმა იმავე წელს “უშბის კედელი” გაიარა და საკავშირო ოქროს მედალი დაიმსახურა.
ოქროს მედლები აიღეს თამაზ ბაქანიძემ, გიორგი ზუმბაძემ, ტარიელ ლუკაშვილმა, გივი ქართველიშვილმა, დიმიტრი შარაშენიძემ და მურად ჭიჭინაძემ 1976 წელს ტიან-შანში მწვერვალ ჯიგიტზე ასვლისთვის. ამავე წელს ოქროს მედლები მოიპოვეს გიორგი აბაშიძემ, სერგო ბარლიანმა, შალვა გაბისიანმა, დიმიტრი დანგაძემ, შოთა მირიანაშვილმა პამირში “საღრანის დიდი ნალის” ტრავერსის გავლის გამო.
ტრაგიკული იყო 1984 წელი. ამ წლის თებერვალში ქართველ ალპინისტთა ჯგუფმა უშბაზე ასვლა გადაწყვიტა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: დიმიტრი შარაშენიძე, ვახტანგ კოლხიდაშვილი, თამაზ ბაქანიძე, ირაკლი გელდიაშვილი, რომან გიუტაშვილი, ბიძინა გუჯაბიძე, ომარ ერქომაიშვილი, გიორგი ზუმბაძე, დევი თარხნიშვილი, დავით კობახიძე, გრიშა სტარჩიკი, ჯემალ ქელეხსაშვილი, გია ტუშური, თამაზ შარაშენიძე, მურად ჭიჭინაძე, კოკა ჯავახია. მონაწილეთა სიმრავლის გამო გადაწყდა ორი ჯგუფის შექმნა. ორივე ჯგუფი ერთდროულად გაემართა მწვერვალისკენ. პირველმა ჯგუფმა შეძლო მწვერვალზე ასვლა, თუმცა უკანა გზაზე ისინი ზვავში მოყვნენ და დაიღუპნენ. ამ ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ირაკლი გელდიაშვილი, გიორგი ზუმბაძე დევი თარხნიშვილი, გია ტუშური, დავით კობახიძე, მურად ჭიჭინაძე. ამ ტრაგედიის შემდეგ ქართულ ალპინიზმში ერთგვარი ვაკუუმი შეიქმნა.
საინტერესო იყო 1988 წელიც, როდესაც მოხერხდა ნეპალის ტურიზმისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმების მიღწევა, 1991 წლის გაზაფხულზე მწვერვალ ანაპურნას დალაშქრასთან დაკავშირებით. მიუხედავად დიდი მომზადებისა და ყველა პირობის დაკმაყოფილებისა, შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამო ქართველმა ალპინისტებმა ვერ მოახერხეს ასვლის განხორციელება. თუმცა, 1991 წლის ოქტომბერში, ქართველმა ალპინისტებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნა მაინც დიდი მიღწევით შესძლეს. 10 ოქტომბერს ქართველმა ალპინისტმა რომან გიუტაშვილმა ევერესტი დალაშქრა.
ევერესტზე ერთდროულად ორი ქართული ჯგუფი ავიდა 1999 წელს. ბენო ქაშაყაშვილისა და გია თორთლაძის ჯგუფები. თუმცა ევერესტი არ არის ერთადერთი მწვერვალი, რომელიც ქართველ აპლინისტებს აქვთ დალაშქრული ჰიმალაებში. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ალპინისტებს დაულაშქრავთ: ლჰოცზე 8516; დჰაულაგირი 8167; მანასლუ 8153, გაშერბრუმი 8068; შიშაპანგა 8013. ეს მთასვლელები არიან: აფი გიგანი, ბიძინა გუჯაბიძე, ირაკლი უგულავა, გია თორთლაძე, მერაბ ნემსიწვერიძე, გელა ოთარაშვილი, ლევ სარქისოვი, ბენო ქაშაყაშვილი, ავთანდილ ცინცაძე, მერაბ ციხესელი, მერაბ ხაბაზი.
2003 წელს ამადაბლამზე ავიდა სოფო თვარაძე. ის იყო პირველი ქართველი ქალი ალპინისტი ჰიმალაებში. ხოლო 2004 წელს ლენინის პიკზე ავიდა ლიკა ნოზაძე. ეს იყო პირველი შვიდიათასიანი, რომელზეც ქართველი ქალი მთასვლელი ავიდა.
ფოტო არქივი
1923 წლის პირველი ექსპედიციის წევრები. სხედან: ევგენი ლიპინსკი, ანდრია თოფაძე, სოსო ასლანიშვილი, ალექსანდრა ჯაფარიძე, ალექსანდრე დიდებულიძე, გიორგი ქავთარაძე, სერგი ცხაკაია, შალვა ხუჭუა. დგანან: არჩილ ბენაშვილი, კონსტანტინე პაპინაშვილი, ვალენტინ თელაშვილი, გიორგი ავალიშვილი, გიორგი ერიქაშვილი, არნოლდ ვეისი, ტარასი ზაგაშვილი, ვიქტორ კოჩერგინი, დიმიტრი გურგენიძე, ნიკო ინწკირველი.
1923 წლის სექტემბერი. საქართველოს გეოფიზიკური ობსერვატორიის ექსპედიციის წევრები მყინვარწვერისკენ გამგზავრების წინ.
ქართული ალპინიზმის ფუძემდებელი გიორგი ნიკოლაძე
ალიოშა ჯაფარიძე, დავით დონდუა, სიმონ ჯაფარიძე
ალექსანდრა ჯაფარიძე
ალექსანდრე დიდებულიძე
© Copyright 2016 Mountains.ge - All Rights Reserved