ბიოგრაფია:
მიხეილ ბესარიონის ძე ხერგიანი (დ. 25 მარტი, 1932, დაბა მესტია − გ. 4 ივლისი, 1969, მწვერვალი სუ-ალტო (დოლომიტები), იტალია, დაკრძალულია მესტიაში), ქართველი ალპინისტი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1963), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1967).
ბიოგრაფია
1969 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ალპინიზმში სსრკ სამგზის (1955, 1956, 1964) და კლდეზე ცოცვაში პროფკავშირების საკავშირო შეჯიბრებისა და სსრკ ჩემპიონატების შვიდგზის (1952, 1960, 1962, 1964, 1965 (აბსოლუტური), 1966, 1967) ჩემპიონი. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც საბჭოთა, ისე უცხოეთის მთასვლელთა შორის.
ხერგიანის მთაში სამაშველო მუშაობის შედეგად გადარჩენილია მრავალი ადამიანი. მისი სახელის უკვდავსაყოფად 1983 წელს მესტიაში გაიხსნა ხერგიანის მემორიალური მუზეუმი. 1976 წლიდან გაგრის მახლობლად ყოველწლიურად ტარდებოდა ხერგიანის მემორიალი (შეჯიბრება კლდეზე ცოცვაში). 1971 წელს კლდეზე ცოცვაში საკავშირო შეჯიბრებაზე დაწესდა ხერგიანის პრიზი. ხერგიანი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
© Copyright 2016 Mountains.ge - All Rights Reserved