ბიოგრაფია:
კონსტანტინე ჯავრიშვილი (დ. 1914 — გ. 1977) — ქართველი გეოლოგი, მთამსვლელი, სპელეოლოგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, ლიტერატორი. ძირძველი თბილისელი (ჯავრიშვილის პაპის პაპის პაპა — ქაიხოსრო იყო მეფე ერეკლესზარბაზნის ოსტატი). 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა მთიულეთის საძიებო-გეოლოგიური ექსპედიციის უფროსად, შახტის მთავარ გეოლოგად; ჟურნალ „დროშის“ განყოფილების გამგედ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისპრეზიდიუმის სწავლულ მდივნად, ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გამგებ (1966-1974).
კონსტანტინე ჯავრიშვილი 1930-1940-იან წლებში ხელმძღვანელობდა ალპურ ასვლებს ლაღზწითზე, შინოზე, ქომიტოზე, ტებულოზე, მყინვარწვერზე, გისტოლაზე, კათინთაუზე, თეთნულდზე, ჯანღაზე და სხვა მწვერვალებზე. 1944 წელს ხელმძღვანელობდა სამხედრო ნაწილების ასვლებს ირანის უმაღლეს მწვერვალზე — დემავენდზე. სსრკ-გერმანიის ომის წლებში იყო ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის სამთო-სათხილამურო მომზადების განყოფილების უფროსი. 1947-1956 წლებში იყო რეპრესირებული.
კონსტანტინე ჯავრიშვილმა შეადგინა გეოლოგიის ტერმინოლოგია (1941; გ. ლომთათიძესა და მ. ფოფხაძესთან ერთად), თარგმნა რუსულიდან ალექსანდრე ფერსმანის „გასართობი მინერალოგია“ (გ. ლომთათიძესთან ერთად), კ. სიმონოვის „20 დღე უომრად“ (ა. ცინცაძესთან ერთად) და სხვა, ფრანგულიდან ონორე დე ბალზაკის „მამა გორიო“, ალბერ კამიუს „შავი ჭირი“, ჟიულ ვერნის „კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა და თავგადასავალი“. ავტორია ნარკვევებისა „მთები და ადამიანები“ (1970), „მე თბილისელი ვარ“ (1972).
იყო ქართულ ენაზე გამოსული ვერნის თხზულებათა მრავალტომეულის სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს მეციერებათა აკადემიისსპელეოლოგიური საბჭოს თავმჯდომარე (1969-1977). რედაქტორი სპელეოლოგიური კრებულებისა — „საქართველოს მღვიმეები და გამოქვაბულები“. საქართველოს ალპური კლუბის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ტურიზმის თბილისის საქალაქო კლუბის გამგეობის თავმჯდომარე. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
© Copyright 2016 Mountains.ge - All Rights Reserved