ბიოგრაფია:
გურამ თიკანაძე (დ. 12 სექტემბერი, 1932 ― გ. 27 აგვისტო, 1963) ― ქართველი ფოტოგრაფი და ალპინისტი. ტრაგიკულად დაიღუპა 30 წლის ასაკში შხარადან დაშვების დროს.
ბიოგრაფია
პროფესიით გეოლოგი იყო. კრივში პირველი თანრიგი ჰქონდა. ფოტოგრაფიას ხელი მოჰკიდა მეშვიდე კლასიდან პიონერთა სასახლეში ცნობილი ფოტოგრაფების ნიკო საღარაძისა და სერგო ახვლედიანის ხელმძღვანელობით. უნივერსიტეტში გაიტაცა ალპინიზმმა. პირველი წარმატება მოუტანა ნამუშევარმა „წყლის სიმღერამ“ 1958 წელს. 1959 წელს დაიწყო მუშაობა ჟურნალ „დროშის” ფოტოკორესპონდენტად. ამავე წელს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალზე ვენაში ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს, რაც პირველი საერთაშორისო ჯილდოა ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში. 1962 წელს გახდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფოტოსექციის თავმჯდომარე. თავის შემოქმედებაში ათავსებდა პუბლიცისტურობას პოეტურ აზროვნებასთან. იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში. მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში. მისი ცნობილი ფოტოებია „ტკბილი ნესვი“, „აისი მთაში“, „უტევს მ. მესხი“, „თეთნულდი — სვანეთის პატარძალი“, „უშბა“, „თენსინგ ნორგეი“, „შხარა“, „თეთნულდის კალთებზე“
თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ორმოცამდე მწვერვალი დალაშქრა. მისი პირველი მწვერვალი იყო „სპარტაკი“ 1952 წელს. 1957 წლიდან ადიოდა მეხუთე კატეგორიის მწვერვალებზე. პირველი ასეთი მწვერვალი იყო ღარმოს პიკი პამირზე 1957 წელს. მისი შემოქმედება საბჭოთა დროის ე.წ. „დათბობის“ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ახალგაზრდა ფოტოგრაფები შეგნებულად უარს ამბობდნენ ინსცენირებული ფოტოგრაფიის კანონებზე და თამამად ამკვიდრებდნენ რეპორტაჟულ ფოტოს. გურამ თიკანაძემ დიდი გავლენა მოახდინა ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაზეც. მან შექმნა ერთგვარი კულტურულ-გენეტიკური ტრადიცია ქართულ ფოტოგრაფიაში.
1963 წლის აგვისტოს სპორტულ ჯგუფთან ერთად, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, დალაშქრა თეთნულდი. 21 აგვისტოს ჯგუფი ავიდა შხარაზე. 27 აგვისტოსდაიღუპა მთიდან დაშვებისას. მან თავად ჩაარჭო კლდის ნაპრალში პალო, დაკიდა თოკი და დაიწყო დაშვება, მაგრამ პალო ნაპრალიდან ამოვარდა. მისი ცხედარი მთასვლელთა ჯგუფმა 1 სექტემბერს ჩამოასვენა მთიდან.
© Copyright 2016 Mountains.ge - All Rights Reserved